ანრი ოხანაშვილი - საინტერესოა ვენეციის კომისიის შეხსენება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტია
საინტერესოა ვენეციის კომისიის შეხსენება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
„ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, საკუთარი საექსპერტო მოსაზრებები წარმოადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ვენეციის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზად არიან, ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და რაც შეიძლება მალე წარმოადგინონ ექსპერტული დასკვნა.
ასევე, საინტერესოა ხელისუფლებისთვის ვენეციის კომისიის მხრიდან შეხსენება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არის გარანტი, სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი; მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პრინციპი პირდაპირ უზრუნველყოფს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას. სწორედ ეს პრინციპი უნდა იყოს გატარებული და შენარჩუნებული ბოლომდე კანონმდებლობით.
მნიშნვნელოვანი გზავნილია პარლამენტის ყველა წევრისთვის, ყველა იმ პირისთვის, ვინც არის ჩართული ამ პროცესში, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპი არის მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ამ პრინციპის ერთგულება ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთგულებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ამასთან, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.