ანრი ოხანაშვილი - საია-ს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ, დათქმულ ვადებში განვიხილავთ
ანრი ოხანაშვილი - საია-ს საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ, დათქმულ ვადებში განვიხილავთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საკანონმდებლო წინადადება მეტ გამჭვირვალობას და საკითხების დახვეწას ემსახურება, მზად არის, ცვლილებების განხილვისთვის.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, საია-ს წინადადების დეტალებს ჯერ არ გაცნობია.

„ბიუროს სხდომამ უნდა გადაწყვიტოს, ვის დაეწერება ეს საკითხი. სავარაუდოდ, ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერება. შესაბამისად, ჩვენ რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედებთ. დათქმულ ვადებში ყურადღებით განვიხილავთ ამ წინადადებას და მოვისმენთ ასევე საია-ს წარმომადგენლის პოზიციას, მათ მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი პოზიციაც წარმოადგინონ. თუ ეს საკანონმდებლო წინადადება ემსახურება კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და საკითხების დახვეწას, მზად ვარ ამისთვის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატი უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„მოსამართლეები ინიშნებიან 1995 წლიდან მოყოლებული. პირველად მესმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამ პროცედურასთან დაკავშირებით უკმაყოფილება. ეს სტანდარტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ დადგენილა, ეს არის პარიტეტულად გადანაწილებული ხელისუფლების შესაბამის შტოებზე პირთა დანიშვნა/არჩევა. გამოდის, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება მათი ხელისუფლების პერიოდში მოქმედ პრინციპს. ჩვენ პარლამენტთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კვორუმი გავზარდეთ 3/5-მდე, რაც არ არსებობდა წინა წლებში. ამ მხრივ, ჩვენ მხოლოდ გავაუმჯობესეთ სტანდარტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.