ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტი ყველა კრიტერიუმსა და საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს
ანრი ოხანაშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტი ყველა კრიტერიუმსა და საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ყველანაირ ტესტს ჩააბარებს, ეს იქნება კონსტიტუციურობა, თუ ვენეციის კომისია.

მისი თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტი ყველა კრიტერიუმსა და საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

„პროექტი სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტსა და ტესტს, რომელიც არსებობს და რომელიც შესაძლოა, შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან თუ ვენეციის კომისიის მხრიდან. ყველა კრიტერიუმი და საერთაშორისო სტანდარტი დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება უშუალოდ საკითხებს, სამი ძირითადი საკითხი იყო წარმოდგენილი. პირველი – კანდიდატი, რომელიც მონაწილეობს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, მას ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე აქამდე არსებული რეგულაციით არსებობდა. კერძოდ, მას ჰქონდეს დამატებითი წვდომა ქულებთან დაკავშირებით და წვდომა დასაბუთებაზე, თუ რატომ დაეწერა კონკრეტული ქულა ამა თუ იმ კანდიდატს. ეს საკითხი დაკმაყოფილებულია და პროექტში ასახულია.

მეორე საკითხი – კანდიდატს უფლებამოსილება ჰქონოდა, გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა შესაბამისი საფუძვლებით საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას და ა.შ. ეს საკითხიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ეს პრინციპიც სრულად ასახულია. მესამე საკითხი იყოს ის, რომ მომხდარიყო შეჩერება პროცედურის და არ წარმართულიყო პროცესი საქართველოს პარლამენტში, თუ კანდიდატი ასაჩივრებდა კონკრეტულ საკითხს. ესეც ასახულია.

ბოლო საკითხია – კენჭისყრის ღიაობა. კენჭისყრის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პირს ვის მიმართაც არის კონკრეტული შეფასება და დასაბუთება გაკეთებული, მას ეცოდინება შემფასებლის ვინაობა, ასევე საბჭოს წევრებს ეცოდინებათ, ერთმანეთის მიერ დაწერილი ქულებისა და კენჭისყრის შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი არის ღია. ეს პრინციპიც არის მნიშვნელოვნად დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი ცდილობდა, პროცესი გაეჭიანურებინა.

„რაც შეეხება ოპონენტებს, თუ ვინმეს საპირისპიროს თქმა სურდა და უკეთესი ვერსიის შემოთავაზება შეეძლო, უნდა მობრძანებულიყო კომიტეტის ან პლენარულ სხდომაზე და დაეყენებინა ალტერნატივა კონკრეტული შემოთავაზებით. ხომ ნახეთ, პროცედურულად პარლამენტის ზოგიერთი წევრი ცდილობდა, ეს პროცესი გაეჭიანურებინათ, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული შინაარსობრივი შემოთავაზება დაეყენებინათ. ეს მათ ვერ გააკეთეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამაზე უკეთესი ვერსია აღარ არსებობს. საუკეთესო ვერსია გვაქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, რაც დღეს ჯერ კიდევ მოქმედებს. უფრო დაზუსტებული ვერსია იქნება მას შემდეგ, რაც ეს პროექტი უკვე ძალაში შევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე.