ანრი ოხანაშვილი - საჭიროა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე პარტნიორებს დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ
ანრი ოხანაშვილი - საჭიროა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე პარტნიორებს დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართული მხარე სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებსა და განცხადებებს ყურადღებით ეცნობა და აანალიზებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“ დაკავშირებით.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ მათთვის კიდევ არის დასაზუსტებელი და მისაწოდებელი ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენონ იმ პროცესების თაობაზე, რაც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა.

„კერძოდ, რის გაკეთებას ცდილობნენ დესტრუქციული ჯგუფები და რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიზანი ერთია, საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ფაქტია, რომ საჭიროა, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ჩვენი მხრიდან მონდომება, რომ ამ სისტემაზე გადავსულიყავით, ფაქტია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ სისტემაზე გადავსულიყავით, პირადად მე მხარი დავუჭირე, თუმცა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საზოგადოების წინაშე ჩვენი მანდატის ფარგლებში და საზოგადოების დაკვეთაა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება. ამიტომ ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არეულობა შემოიტანოს. ვერავინ იტყვის, რომ შერეული სისტემა არადემოკრატიულია, ამიტომ ჩვენი ძალისხმევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მივმართოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.