ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო სისტემის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები როდესაც მზადდება, თუკი გაქვს ამბიცია, ჩართული იყო დემოკრატიულ პროცესში, უნდა იყო ამ პროცესის მონაწილე
ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო სისტემის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები როდესაც მზადდება, თუკი გაქვს ამბიცია, ჩართული იყო დემოკრატიულ პროცესში, უნდა იყო ამ პროცესის მონაწილე

თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები კენჭისყრაშიც კი არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება შეფასებული, როგორც საბოტაჟი პარლამენტისა და დემოკრატიული ცვლილებებისადმი, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა, რომლის ინიცირებაც მოხდა, მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძელით და დავაინიცირეთ პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს სიახლეებს შეიცავს და რომელიც იქნება საკმოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანისთვის. ეს ცვლილებები არის უმნიშვნელოვანესი, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ნებისმიერი ტიპის სპეკულაციას რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ეს ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მეორე მხრივ, მთელი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ამ გამოწვევების აღმოფხვრას. ამიტომ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მზადდება და ინიცირდება, რა თქმა უნდა, თუკი გაქვს ამბიცია, სურვილი, რომ ჩართული იყო დემოკრატიულ პროცესში და თუკი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ არჩევნების გზით და არჩევნების მეშვეობით გაუწიოს პაექრობა კონკურენტს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ლოგიკურია, უნდა იყოს ამ პროცესის მონაწილე, უნდა აფიქსირებდეს საკუთარ შენიშვნებს, მოსაზრებებს და ეს პროცესი უნდა წარიმართებოდეს პარლამენტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შესაძლებლობას არ იყენებენ.

„ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ, მიუხედავად იმისა, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, შეუძლიათ, სულ მცირე, თუკი ელემენტარულ დემოკრატიულ წესებს პატივს სცემენ, მაინც მიიღონ მონაწილეობა თუნდაც კენჭისყრაში და ამით გამოხატონ მათი მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესისადმი. თუკი ამას არ გამოხატავენ და თუკი კენჭისყრაშიც კი არ მიიღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება შეფასებული, როგორც საბოტაჟი, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტისადმი, პარლამენტისადმი და მეორე მხრივ, ამ ცვლილებებისადმი, როგორც დემოკრატიული ცვლილებებისადმი, რაც სამწუხაროა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.