ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესრულება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას
ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესრულება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას

„ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, რაშიც დიდი როლი შეასრულეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების შესრულება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას.

„ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას სრულად დაიცავს და ეს შეთანხმება ბოლომდე მივა. ცვლილებები ინიცირებულია და ჩვენ ამ ცვლილებებს სრულად განვახორციელებთ. რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, თუ გარკვეული პოლიტიკოსების მოწოდებებს, ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და ამ პოზიციას სრულად ვეთანხმები, რომ დაუშვებელია, პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ჯგუფი ერეოდეს სასამართლო სისტემაში, თუმცა მეორე მხრივ, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ, თურმე პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ეს დაუშვებელია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.

„შესაბამისად, პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სფეროში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.