ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს, რაიმე ტიპის რადიკალური სცენარის განვითარებას არ დავუშვებთ
ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს, რაიმე ტიპის რადიკალური სცენარის განვითარებას არ დავუშვებთ

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს. ბევრი პარლამენტშია, ზოგმა პარლამენტი დატოვა. სააკაშვილის დღევანდელი განცხადება მათ მიემართება და მათ უნდა ჰკითხოთ, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტებმა ოხანაშვილს სთხოვეს, შეეფასებინა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის განცხადება, სადაც ის საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს: „გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ, პარლამენტიდან გამოხვიდეთ, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ სალაპარაკოა მხოლოდ ერთ საკითხზე – როდის მოშორდებით ხელისუფლებას. სხვა კითხვა-პასუხი დღესდღეობით არ შეიძლება, იყოს“.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი დესტაბილიზაციასთან და რადიკალიზმთან ასოცირდება.

„მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს. ეს იმ ოპოზიციურ ჯგუფებს ეხებათ, რომლებიც სააკაშვილის ბულინგის ქვეშ მანამდეც ხშირად ექცეოდნენ და მის მიერ დაწერილი სცენარით მოქმედებდნენ. ბევრი პარლამენტშია, ზოგმა პარლამენტი დატოვა – სააკაშვილის დღევანდელი განცხადება მათ მიემართება და მათ უნდა ჰკითხოთ, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას. ზოგადად, სააკაშვილი სადაც არ უნდა იყოს, დესტაბილიზაციასთან და რადიკალიზმთან ასოცირდება. ეს მისი ზნეა და როგორც ჩანს, ამის გამოსწორება ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პარტიის მხრიდან რაიმე ტიპის რადიკალური სცენარის განვითარებას. სააკაშვილს აქვს და ჰქონდა სურვილი, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნილიყო. მისი და მისი პარტიის სურვილია ძალაუფლებაში რევანშისტულად მოსვლა ისე, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, თუმცა ყოველ ჯერზე ამ ყველაფერს წერტილი დაესვა. შესაბამისად, მის ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია, თუმცა აქვს გამოხატვის კონსტიტუციური უფლება – შეუძლია განაგრძოს, რაზეც აქამდეც საუბრობდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.