ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი ათი წელია, თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს
ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი ათი წელია, თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს

ჩვენ მოგვისმენია ამ ადამიანის არაერთი განცხადება, რომელიც საბოლოოდ აღმოჩენილა ტყუილი, თუ რამე კარგი აქვს გაკეთებული და ასე თავმომწონედ თავს იქებს, რატომ აქამდე არ ჩამოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ათი წელია, თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს.

„თუ ჩამოვა, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირს, ელოდება სასჯელაღსრულების დაწესებულება და ის კანონით დადგენილი პროცედურები, რა პროცედურებითაც ხდება ასეთი სტატუსის მქონე პირის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება. ასე რომ, ჩვენ ჭორაობაში ვერ შევალთ და იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, რისიც მათ ამომრჩეველს არ სჯერა, ჩვენთვის ეს არანაირი ინტერესის საგანი არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.