ანრი ოხანაშვილი - როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება
ანრი ოხანაშვილი - როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, როგორც კი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საარჩევნო ცვლილებების თაობაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებების განხორციელება საპარლამენტო არჩევნებამდე მოსწრებადია.

„გაცხადებული გვაქვს, რომ საარჩევნო ცვლილებებს განვახორციელებთ. პირველ რიგში, ეს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება. როგორც კი, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საყოველთაო-სახალხო განხილვას გავმართავთ და ასევე დავიწყებთ ცვლილებების განხორციელებას. ეს მოსწრებადია, არანაირი საფრთხე და კითხვის ნიშანი არ არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით. ამასთან, ცვლილებებს განვახორციელებთ ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეც”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტი უკვე მომზადებულია. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო პრინციპით უნდა ჩატარდეს. პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ არ გამართულა.