ანრი ოხანაშვილი - როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბესელიას ქმედებას სამართლებრივ მსვლელობას მივცემ
ანრი ოხანაშვილი - როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბესელიას ქმედებას სამართლებრივ მსვლელობას მივცემ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გეგმავს, ეკა ბესელიას მხრიდან ვანო ზარდიაშვილის მიმართ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოხანაშვილმა განაცხადა, დღეს პარლამენტში ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა.

„ასეთი რაღაც რომ შემთხვეოდა, დეპუტატის მანდატს დავტოვებდი. ეს ჩემთვის მორალური დილემა იქნებოდა. მორალურად საქართველოს სახელით მანდატის მქონე დეპუტატი ვერ ვიქნებოდი, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადავდგამდი, თუნდაც, ფსიქოლოგიურად და ემოციურად აღელვებული ვყოფილიყავი. მორალური ზღვარი არსებობს, როცა ადამიანი ამ ზღვარს გადის, შეფასებები ძნელია და ამას საზოგადოება განსჯის. ადამიანის მიმართ რა ემოციებიც არ უნდა გქონდეს, კატეგორიულად მიუღებელია, პარლამენტის წევრი კოლეგას ფიზიკურად შეეხო. ეს არის მძიმე ფაქტი და კონსულტაციები მექნება, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ, რათა ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მიეცეს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამ საკითხს სამართლებრივად მსვლელობას მივცემ, რათა ასეთი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს. ამ ყველაფერს საზოგადოება თვალს ადევნებს და დეპუტატი საზოგადოებას როგორ მაგალითს აძლევ, როცა ასე უპასუხისმგებლოდ იქცევი და ფიზიკურად ეხები კოლეგას, ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ ბევრ რამეზე მოქმედებს“, – აცხადებს ოხანაშვილი.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.