ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილის წინაშე და ამიტომ დგანან ქუჩაში
ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილის წინაშე და ამიტომ დგანან ქუჩაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს საზოგადოების წინაშე ქვეყნის მართვაზე, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

ამიტომ, ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას და ოპოზიციის დღის წესრიგს ვერ აყვებიან.

„ჩვენი საზოგადოების წინაშე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანია. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ, ოპოზიციის დღის წესრიგს ვერ ავყვებით. როგორც ჩანს, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილის წინაშე. ამიტომაც დგანან ისინი ქუჩაში და უფრთხილდებიან იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათი ბელადის წინაშე აიღეს. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საკუთარი საზოგადოების წინაშე. ჩვენი ვალდებულებაა, ვიმუშავოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, დღეს პარლამენტი განიხილავს მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მიწების რეგისტრაციის საკითხს შეეხება.

„ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება პოლიციის მობილიზებას, ოხანაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველების ამოცანაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რათა მოქალაქეებს თავისუფლად  შეეძლოთ გადაადგილება.

„ასევე, პარლამენტის წევრებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, რისთვისაც საზოგადოება ხელფასს გვიხდის. მოქალაქეები გადაადგილდებიან. შესაძლოა ვერ გადაადგილდებიან და შეზღული აქვთ გადაადგილება იმ პირებს, ვინც ცდილობენ კანონის დარღვევას. ამიტომ, პოლიცია პრევენციულად მოქმედებს, რათა იზრუნოს იმაზე, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი არ დაირღვეს კანონი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.