ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ინტერესი აქვთ, შექმნან კონკრეტული ჯგუფისთვის მომსახურე ტელევიზია
ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ინტერესი აქვთ, შექმნან კონკრეტული ჯგუფისთვის მომსახურე ტელევიზია

როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილსა და მის გარშემო მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ინტერესი აქვთ, რომ კონკრეტული ჯგუფისთვის მომსახურე მორიგი ტელევიზია შექმნან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში დაცულია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე გამარტივებულია მედიის დაფუძნების შესაძლებლობა.

„ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ მედია პლურალიზმი, არსებობდეს კრიტიკული და ობიექტური მედია. ვინც გადაწყვეტს, რომ მედია დააფუძნოს, სამართლებრივი საფუძვლები ისეა ჩამოყალიბებული, რომ ამის პრობლემები არავის ექმნება. როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილსა და მის გარშემო მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ინტერესი აქვთ, რომ მათ კონკრეტული ჯგუფისთვის მომსახურე მორიგი მედია, ტელევიზია შექმნან. შესაძლებელია, ეს ინტერესი ჰქონდეთ იქედან გამომდინარე, რომ წარსული გამოცდილება გვიჩვენებს კეზერაშვილისა და სხვების კავშირს კონკრეტულ მედიასაშუალებებთან. ეს შეიძლება, მორიგი ასეთი მცდელობა იყოს“, – დასძინა ოხანაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, მიიღო გადაწყვეტილება, მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველოფს ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის დაცვას.

როგორც დავით კეზერაშვილი აღნიშნავს, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.