ანრი ოხანაშვილი -  „ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ყველა პირზე გავრცელებას, თუმცა დაცული იქნება კონვენციური სტანდარტი
ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ყველა პირზე გავრცელებას, თუმცა დაცული იქნება კონვენციური სტანდარტი

„ქართული ოცნების“ მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება და ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ევროკავშირის ეგიდით, არ მივეცით არც ერთ რადიკალურ ჯგუფს შესაძლებლობა, შეთანხმება ჩაშლილიყო, ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ყველა პირზე თანაბრად გავრცელებას.

მისივე განცხადებით, ამავდროულად, დაცული იქნება კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი.

„დღეს იყო საქმიანი შეხვედრა, რათა შესრულდეს დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაზეც განვახორციელეთ ხელმოწერა. „ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას. თუ თქვენ იკითხავთ, კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს. ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც. კონვენციური მუხლებია წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა და ასე შემდგომ. ამასთან დაკავშირებით თუ დადგინდება, რომ ვინმემ მსგავსი დანაშაული ჩაიდინა, არ შეეხებათ, კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა სხვა მხრივ გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს წერია შეთანხმების ტექსტში. ვერც ერთი პილიტიკოსი, როდესაც მას ჩადენილი აქვს სავარუდოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვერანაირად ვერ იქნება პრივილეგირებული სხვა პირთან, თუნდაც პილიციელთან მიმართებაში. ამიტომ სტანდარტი და მიდგომა იქნება ყველასთვის ერთიანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.