ანრი ოხანაშვილი - „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე რაციონალური და სამართლიანი წინადადებები აქვს
ანრი ოხანაშვილი - „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე რაციონალური და სამართლიანი წინადადებები აქვს

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე რაციონალური და სამართლიანი წინადადებები აქვს, რომ პარტიებს ჰყავდეთ კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა ცესკო-ში, ვიდრე აქამდე ჰყავდათ, ასევე პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება იყოს უზრუნველყოფილი კიდევ უფრო მეტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმოდგენილი უნდა იყვნენ მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირები.

„მოლოდინი გვაქვს, რომ დღევანდელი დისკუსია ნაყოფიერი იქნება. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპია – უნდა იყოს სამართლიანი და რაციონალური დაკომპლექტება. პარტიებს უნდა ჰქონდეთ მეტი წარმომადგებლობა ცესკო-ში, რომ კითხვები არ გაჩნდეს, რომ მათ მეტი წარმომადგენლობა რომ ჰყოლოდათ, მეტი დაკვირვების საშუალება ექნებოდათ. ოპონენტების შეფასება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ცოტა არასერიოზულია. სჯობს, კონკრეტული ფაქტებით ისაუბრონ, ჩვენი გავლენის ქვეშ ვინ იყო, ეს აბსურდია. მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირები უნდა იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციებში და უფრო მეტად გარანტირებული უნდა იყოს მათი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.