ანრი ოხანაშვილი - პუნქტების შესრულებას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა, როგორც კი დაგვჭირდება სესია, ამას ჩვენ ვერავინ დაგვასწრებს, „ქართული ოცნების“ გუნდი შოუში მონაწილეობას არ მიიღებს
ანრი ოხანაშვილი - პუნქტების შესრულებას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა, როგორც კი დაგვჭირდება სესია, ამას ჩვენ ვერავინ დაგვასწრებს, „ქართული ოცნების“ გუნდი შოუში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში რიგგარეშე სესიის მოწვევა სრულიად ალოგიკური და შეუსაბამოა 12-პუნქტიან გეგმასთან.

მისივე თქმით, პუნქტების შესრულებას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში, რიგგარეშე სესიის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო უპირველეს ყოვლისა, 12-პუნქტიან გეგმასთან და 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებასთან, ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, დეპოლარიზაციაზე მხარეებმა იმუშაონ. მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების განხილვა, მომზადება უნდა შეძლონ. საკითხები ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე. მივიღეთ რა? საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს და პოლიტიკური ტრიბუნა მიეცეთ მხარეებს, რათა კიდევ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. პოლიტიკური შეფასება უკვე ყველას მხრიდან გაკეთებულია – რომ გვაქვს 12 პუნქტი და ისინი შესასრულებელია. ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. 12 პუნქტიდან გამომდინარე, როგორც კი დაგვჭირდება საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული. ასეთი მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და მომდევნო კვირას ველოდებით ოპოზიციას ანტიოლიგარქიული საკითხების შესაბამის ფორმატში განსახილველად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.