ანრი ოხანაშვილი - პროპორციული საარჩევნო სისტემა არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი
ანრი ოხანაშვილი - პროპორციული საარჩევნო სისტემა არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი

პროპორციული საარჩევნო სისტემა არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი, ვინაიდან მმართველი პარტიის მეშვეობით მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილება და ასახვა, რომ ჩვენ 2024 წლიდან გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბორჯომში, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო გადაედგა ნაბიჯი, თუნდაც საკუთარი ინტერესების არასახარბიელო მდგომარების ჩაყენების პირობებში და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი განეხორციელებინა, რაც შეიძლება მოუტანოს პროპორციული საარჩევნო სისტემამ.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 2024 წელს სრულად უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე ეს ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დროს დავაფიქსირეთ. მაშინ იყო უკვე გუნდის სრული მხარდაჭერა, სრულად დაუჭირა გუნდმა ამას მხარი, მათ შორის მაჟორიტარებმა. რაც შეეხება 2020 წლისთვის 2024 წლამდე საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, არის მოსაზრებები, ჩვენ გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ყველას აქვს საკუთარი პოზიცია, თუმცა 90-ზე მეტი პარლამენტის წევრის მხარდაჭერით არის დაინიცირებული პროექტი, რომლის მიხედვით, 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს. ჩვენი გუნდი იქნება ერთსულოვანი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. საჭიროა, ოპოზიციის მხარდაჭერაც და თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა ამასთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი სრულად მზად არის, რათა მხარი დაუჭიროს ამ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.