ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტის პასუხი ელჩის დანიშვნაზე იყო არათუ არდანიშვნა, არამედ უფრო მეტი, რაც სცილდება კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, ეს გასაჯაროვდეს
ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტის პასუხი ელჩის დანიშვნაზე იყო არათუ არდანიშვნა, არამედ უფრო მეტი, რაც სცილდება კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, ეს გასაჯაროვდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

კერძოდ, ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საუბარი ყველა წარდგენილი ელჩის დანიშვნაზე, სინამდვილესთან შეუსაბამოა.

„ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყველა წარდგენილი ელჩი დანიშნა. მათი ეს ლოგიკა სწორია, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ, კონსტიტუციური უფლებამოსილება ანიჭებთ პრაქტიკულად ვალდებულებას, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს ელჩის დანიშვნას. ეს თუ ასე ესმით, კარგია, თუმცა რეალობა სხვაა. მე არ მესმის და გაუგებარია, რაში დასჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს ყველა წარდგენილი ელჩი იყო დანიშნული. ეს სინამდვილესთან შეუსაბამოა. თუმცა, თუ ისინი აცნობიერებენ, რომ წესით ყველა წარდგენილი ელჩი უნდა დანიშნონ, ე.ი. ისინი ხვდებიან და უფრო გამარტივდება საკითხი, არაფერი სამართლებრივად სადავო არ იქნება. სიტყვა „დანიშვნა“ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ გადაწყვიტოს, მიაჩნია თუ არა სწორად ამა თუ იმ პირის დანიშვნა.

სიმართლე არის ფაქტებში და დოკუმენტებში. სიმართლე არის მიმოწერაში, რაც დოკუმენტურადაა დადასტურებული. თუ საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტიც გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე გასცა პასუხი, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ვინმეს სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელება. ანუ, ელჩები დაინიშნენ, ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ არა, არ დაინიშნენო? სად არის ლოგიკა. ელჩი, რომელიც წარუდგინა მთავრობამ, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნა პრეზიდენტმა და მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ დანიშნაო? რაში სჭირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთი ინფორმაციის გავრცელება რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სინამდვილეთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა და არ გამორიცხავს, რომ ელჩის დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტისგან მიღებული პასუხი გასაჯაროვდეს.

„განხორციელებული იყო ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით გათვალისწინებული პროცედურა. პრეზიდენტს ელჩი წარედგინა დასანიშნად და პასუხი იყო არათუ არდანიშვნა, არამედ უფრო მეტი, რაც საერთოდ სცილდება კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. თუ საჭირო გახდება და იქამდე თუ უნდა მივიდეთ, რომ ეს ყველაფერი გასაჯაროვდეს, შესაძლებელია, ასეც მოხდეს. ყველაფრის ეტიკეტი და ყველაფრის პოლიტიკური კულტურა არსებობს. ვნახოთ, თუ ამას საჭიროება და საჯარო ინტერესი მოითხოვს, შესაძლებელია, ეს მოხდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მთავრობის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი ტყუილში დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა და ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება.