ანრი ოხანაშვილი - პრემიერის განცხადების სიცრუით გადაფარვა, ახალი თემების შემოტანა ხდება, თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ტყუილია
ანრი ოხანაშვილი - პრემიერის განცხადების სიცრუით გადაფარვა, ახალი თემების შემოტანა ხდება, თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ტყუილია

სრულ პატივისცემას იმსახურებენ ადამიანები, რომლებმაც კანონდარღვევის გარეშე, მშვიდად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და იყვნენ ახალგაზრდებიც, ვინც მიზანმიმართულად ახორციელებდნენ უკანონობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული აქციების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე მოვლენების განვითარება არ დაუშვეს.

„პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჰუმანურობასა და გულწრფელ ახალგაზრდებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დავუშვით, მძიმე მოვლენები განვითარებულიყო. ახლა მცდარი, ყალბი ინფორმაციის გაჟღერება ხდება და ტირაჟირებს არაერთი პარტიული მედიასაშუალება, თითქოს მან ისაუბრა, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ახალგაზრდები, გახლეჩა და ასე შემდეგ. პრემიერის განცხადების სიცრუით გადაფარვა ხდება. მცდელობაა, გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ახალი თემების შემოტანა ხდება, თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და არასათანადოდ წარმოაჩინა, რაც ტყუილია. საპროტესტო აქციაზე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც გულწრფელად ჰქონდათ პროტესტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ვინც მოწოდებული, ორიენტირებულია, ქვეყანაში რაიმე ფორმით არეულობა შეიქმნას, ყველას კანონისა და სამართლის ფარგლებში გაეცემა პასუხი.

„ამ ქვეყანაში რადიკალურ და ექსტრემისტურ ჯგუფებს უკანონო ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნებათ. იმის უფლებას არავინ მისცემთ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ და განავითარონ პროცესები, რომლებიც მხოლოდ მტრის წისქვილზე შეიძლება, ასხამდეს წყალს. ყველა უკანონობას პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში, ეს ყველამ დაიმახსოვროს, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.