ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია
ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი ოპონენტებთან დიალოგს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დემოკრატიულ პროცესში ყველა პარტიასთან სასაუბროდ.

„ცვლილებები ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია და მათ პასუხს ველოდებით“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, თუ ის საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს.

პროექტში გაწერილია კონკრეტული პირობებიც. რეკომენდაციების მიღების მიზნით, უმრავლესობამ ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნა პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ გადაწყვიტა.