ანრი ოხანაშვილი - პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით ისეთი შეზღუდვა არ წესდება, რაც საერთაშორისო მიდგომას არ შეესაბამება
ანრი ოხანაშვილი - პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით ისეთი შეზღუდვა არ წესდება, რაც საერთაშორისო მიდგომას არ შეესაბამება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით ისეთი შეზღუდვა არ წესდება, რაც საერთაშორისო მიდგომას არ შეესაბამება.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, პირბადის გამოყენების თვალსაზრისით ღია სივრცეებში შეზღუდვა არ იქნება, საუბარია მხოლოდ დახურულ სივრცეზე.

„მთავარი საკითხია, გვაქვს თუ არა ვალდებულება შემოვიტანოთ ისეთი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს. საზოგადოების პირდაპირი დაკვეთაა, რომ ჩვენ იმ ადამიანების მიმართ უზრუნველვყოთ ღონისძიებების გატარება, ვინც უგულვებელყოფს სხვათა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ამ საკითხის დარეგულირება. ეს საკითხი დარეგულირებადია მხოლოდ იმით, რომ ჩვენი საზოგადოება გვერდში დაუდგეს ხელისუფლებას, იყოს სოლიდარული იმის მიმართ, რასაც აქამდე აკეთებდა და ერთად შევძლოთ პანდემიასთან გამკლავება. თუმცა, იქნება შემთხვევები, როცა ყველა სოლიდარული ვერ იქნება და საჭიროა პრევენცია. პრევენციული მექანიზმია გარკვეული ფულადი თანხა, რაც მძიმე ტვირთი არ უნდა იყოს. უმთავრესი ამოცანაა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ვიზრუნოთ. უმთავრესი პრინციპია, რომ პირბადის სავალდებულო გამოყენება გათვალისწინებული არ არის ღია სივრცეებში, ჩვენ გავითვალისწინეთ პირბადის ტარების ვალდებულება მხოლოდ დახურულ სივრცეში. თუ მომსახურებისა და შესაბამისი სერვისის სარგებლობის დროს ადამიანები თავს იყრიან და ვინმე ამბობს, ეს საჭირო არ არისო, ეწინააღმდეგებიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

დატოვე კომენტარი