ანრი ოხანაშვილი – პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ვალდებულებას არღვევენ, მოვუწოდებთ მათ, შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ
პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს და ახლა არ მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში, არღვევენ შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რომ კონკრეტული ჯგუფები არღვევენ აღებულ ვალდებულებას.
„ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფები არღვევენ აღებულ ვალდებულებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. სამწუხაროა, რომ ერთი მხრივ, აიღეს ვალდებულება, თუმცა ამ ვალდებულებას გაექცნენ ახლა. ეს არის მეორე მცდელობა, როცა „ლელო” არღვევს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. როგორც ჩანს, უფრთხილდებიან ხელფასებს, არ უნდათ მონაწილეობა, თუმცა სურთ, რომ მათ არ დაექვითოთ ხელფასი და ჩაეთვალოთ, როგორც მონაწილეობა. შევაფასოთ, რომ ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.