ანრი ოხანაშვილი - პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს
ანრი ოხანაშვილი - პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს

პარტია, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებაზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს და საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს. ჩვენ ვტოვებთ არჩევანის თავისუფლებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ დღეს მოქმედი რეგულაციებით, პარტიას დაფინანსება შეიძლება შეუწყდეს, თუ პარტია საფინანსო აუდიტის სამსახურს დროულად არ წარუდგენს დეკლარაციას.

მისივე თქმით, ეს არ არის მარტო ქართული რეალობა, ასეთია საზღვარგარეთ არსებული პრაქტიკაც, სადაც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა აპრობირებული მექანიზმია.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით პარტიას დაფინანსება შეიძლება, შეუწყდეს თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საფინანსო აუდიტის სამსახურს, ამ შემთხვევაში გაფრთხილების შემდეგ მას დაფინანსება შეუწყდება. ეს არ არის მარტო ქართული რეალობა, არამედ არის საზღვარგარეთ არსებული რეალობა და პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა აპრობირებული მექანიზმია. თუკი დეკლარაციის წარდგენისთვის შეიძლება, პარტიას დაფინანსება შეუწყდეს, პარტია, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებაზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს, საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ მას დაფინანსება შეუწყდეს. ჩვენ ვტოვებთ არჩევანის თავისუფლებას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი