ანრი ოხანაშვილი - პარლამენტს აქვს სრული ლეგიტიმაცია, მოსამართლეების მოსმენის პროცესი წარმართოს
ანრი ოხანაშვილი - პარლამენტს აქვს სრული ლეგიტიმაცია, მოსამართლეების მოსმენის პროცესი წარმართოს

პარლამენტს აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ მოსამართლეების მოსმენის პროცესი წარმართოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, რას უპასუხებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის აღნიშნულ თემაზე განცხადებას, ოხანაშვილი პასუხობს:

„არაფერი არ მაქვს ელჩისთვის საპასუხო. არ ვთვლი, რომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც არ არსებულა არანაირ შეთანხმებაში. ჩვენ კანონით დადგენილი წესით მივყვებით პროცედურას. პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც არჩეულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან, აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ ეს პროცესი წარმართოს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს. მისივე თქმით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.