ანრი ოხანაშვილი - ორიენტირებული ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ძალიან ბევრ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ
ანრი ოხანაშვილი - ორიენტირებული ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ძალიან ბევრ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ

ორიენტირებული ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ძალიან ბევრ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. შესაბამისად, საკითხი თუ დადგება და იქნება მსჯელობის საგანი, ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს, რომელიც ენერგოპროდუქტების მიმართულებას მოიცავს.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, წინმსწრებად პოზიციის დაფიქსირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„სამწუხაროდ, აქამდეც ჩვენ ბევრი მიმართულებით დამოკიდებული ვიყავით რუსეთზე, მათ შორის იმ ე.წ. პროდასავლური ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა 2012 წელს აგვისტოს ომიდან 4 წლის თავზე, და გადასცეს სტრატეგიული ობიექტები. შეგიძლიათ დღეს ინფორმაციას გაეცნოთ, რომ ევროპელები თანხას იხდიან მთელ რიგ ენერგორესურსებში და უკრაინის გავლით მიეწოდებათ მათ ეს ენერგორესურსები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად თუკი იქნება შესაბამისი საბაზრო ფასით მოწოდებული ისეთი რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას იმის ფუფუნებას მისცემს, რომ სხვადასხვა რესურსით მივიღოთ სხვადასხვა ენერგოუსაფრთხოებაზე წვდომა, რა თქმა უნდა, საკითხები იქნება განხილული და ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.