ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა შეძლონ, საკუთარ თავზე მაღლა დადგნენ და ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დასაფასებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერა, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა პოზიციების დაახლოება შეძლონ.
მისივე თქმით, ხელისუფლება კომპრომისებისთვის მაქსიმალურად მზად არის. ამასთან, როგორც ოხანაშვილი ამბობს, ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა შეძლონ, საკუთარ თავზე მაღლა დადგნენ და ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და„ქართული ოცნებისადმი“ დასაფასებელია. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მათი ჩართულობა და მონაწილეობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება, ასევე ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.
მეორე საკითხი რესურსი და მონდომებაა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ კომპრომისებისთვის. მზად ვართ, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე შევქმნათ, ამაზე მოწმობს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება. ამაზე მოწმობს ის სამართლიანი შეთავაზებები, რომლებიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარტნიორების მონაწილეობით პოლიტიკურ ოპონენტებს. ახლა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა შეძლონ და საკუთარ თავზე მაღლა დადგნენ, გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და ისაუბრონ არა ულტიმატუმის ენით, რა არის მათთვის წითელი ხაზი, არამედ ისაუბრონ, გამოხატონ რეალური მზაობა პოზიციების დაახლოებისთვის. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები წითელ ხაზებთან და ულტიმატუმთან დაკავშირებით, ასევე ზოგი კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ, გვაფიქრებინებს, რომ მათ არანაირი შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვთ.
მათთან შეთანხმების რესურსი, რასაც ჩვენ ობიექტურად ვხედავთ და ვაფასებთ, არ არის, მათივე რეალური ქმედებებიდან გამომდინარე. მათ უბრალოდ ეს არ სურთ და საუბრობენ ულტიმატუმებით, წითელი ხაზებით. თუ ამ ფორმით გააგრძელებენ საუბარს, რა თქმა უნდა, შეთანხმების რესურსი პრაქტიკულად, ძალიან შემცირდება. მიუხედავად მათი მხრიდან ასეთი დამოკიდებულებისა, ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ ის სამართლიანი შეთავაზებები, რომლებიც ჩვენ დავდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც დღეს დაინიცირდება, იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა ჩვენ პოზიციები დავაახლოოთ.
ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზებები, რომლებიც ეფუძნებიდა სამართლიანობას, რომელიც სახეს შეუნაარჩუნებდა სრულად ოპოზიციურ ჯგუფებს და არ მისცემდა ვინმეს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიღაც დამარცხდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუკი პოლიტიკური ჯგუფები ვიწროპარტიულ ინტერესებს გადადებდნენ და სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებდნენ, ეს იქნებოდა ყველასთვის სამართლიანი მიდგომა. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით ამ შეთავაზებებთან დაკავშირებით მათ პოზიციას. მათი მხრიდან პასუხი არ არის. ამერიკა, ევროკავშირი და ყველა მოუწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს, გადადონ ვიწროპარტიული ინტერესები, იფიქრონ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, დებატებსა და შეთანხმების გზებზე ვიფიქროთ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში. მათ მოუწევთ ამის მხედველობაში მიღება და ფიქრი, როგორ გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯები. თუმცა ეს რამდენად რეალისტურია, დაველოდოთ.
ქალბატონმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთავაზებები იყო გაკეთებული. მას დეტალებში აღარ უსაუბრია ვისი მხრიდან. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ დავდეთ კონკრეტული წინადადებები, რომელიც სამართლიანია. რომელიც ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს ეფუძნება. ამასთანავე სახეს უნარჩუნებს ოპოზიციურ ჯგუფებს და ამ მოლაპარაკების შედეგად, თუკი ისინი ამ წინადადებებს დაეთანხმებოდნენ, არ აღმოჩნდებოდა ისე, რომ ვინმემ მოიგო ან ვინმემ წააგო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.