ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები ვერ მოიხსნიან პასუხისმგებლობას, თუ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გავლენ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები ვერ მოიხსნიან პასუხისმგებლობას, თუ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გავლენ

ოპოზიციური ჯგუფები ვერ მოიხსნიან იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ ეკისრებათ, თუ გავლენ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული შეთანხმებიდან, – ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება შედგა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ის სრულად შესრულდება.

„შეთანხმება ჩვენი მხრიდან სრულად იქნება შესრულებული. ამ პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს პარლამენტში, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ.

რაც შეეხება არაკონსტიტუციურ მოწოდებებს, თურმე სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკა უნდა შევიტანოთ და ვინმემ უნდა გაბედოს და ჩაერიოს, ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, ვინაიდან ასეთი რამ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და არის არაკონსტიტუციური. ამიტომ წარმოუდგენელია, ვინმე შეთანხმებულიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არაკონსტიტუციურ საკითხებზე, რაც არა მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება. იმ პრინციპებს, რომელსაც სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განუხრელად იცავენ და ჩვენ ყოველთვის მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ეს პრინციპები. ამიტომ წარმოუდგენელია ისეთი შეთანხმებაზე საუბარი, რაც ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.