ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მონდომებულია, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესის გამო, სახელმწიფოს იმიჯს საფრთხე შეუქმნას, თუმცა მათ ამის საშუალებას ხელისუფლება არ მისცემს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის სვლას შეუქცევადად აგრძელებს.

„ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები. არსებობს გამოწვევები და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ასევე ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ ეს მიმართულებები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს. არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის. ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, რომ ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ – იქნება ეს ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ეს ჯგუფები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.