ანრი ოხანაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ 
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საბაბს ეძებდა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდიდან გაქცეულიყო.

მისი თქმით, ოპოზიციის ეს ჯგუფები განწყობილნი იყნენ და არიან რევანშისტულად.

„საზოგადოებამ პარლამენტში შეჭრის მცდელობა იხილა. ეს ადამიანები რადიკალიზაციისკენ არიან მიდრეკილები, მათ ქვეყანაში სტაბილური განვითარება არ სურთ, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მითითებების შედეგად იძულებული გახდნენ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. დავიწყეთ დიალოგი, თუმცა მითითება მიიღეს, რომ მათი ქმედებები მომართული იყო გადატრიალებისა და რევოლუციისკენ. ოპოზიცია საბაბს ეძებდა, რომ როგორმე, ეს მოლაპარაკებები ჩაეშალა. მათი მხრიდან დესტრუქციული განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ნებისმიერი სიტუაცია საბაბად გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, სწორად უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდებოდნენ. საბაბი მოიგონეს, რომ მოლაპარაკებებიდან გასულიყვნენ. ჩანაფიქრი რაც აქვთ, რომ მოხდეს რევოლუცია, გადატრიალება, სცადონ პარლამენტში შეჭრა და ა.შ. სურთ, რომ სისრულეში მოიყვანონ. ამ ყველაფერს საბაბად იყენებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი პოზიცია სრულად გაიზიარა, რასაც მთელი ეს პერიოდი ვაფიქსირებთ, რომ აუცილებელია, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა. თუ ამ ყველაფრით ვინმე ზიანდება, ხელისუფლებაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.