ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციონერ დეპუტატებს თუ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, მათ მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციონერ დეპუტატებს თუ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, მათ მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სასურველია, ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ და პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

თუმცა, როგორც ოხანაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და ამ პროცესის მიღმა გადიან, შესაბამისი წესების დაცვით სათანადო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს.

„ვისურვებდი, რომ ეს დეპუტატები, რომლებიც არჩეულნი არიან მხარდამჭერების მიერ, მოვიდნენ და მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა. იქ გამოჩნდებოდა, მათ რა პოზიცია ექნებოდათ. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა დემოკრატიის პროცესი და პრინციპები ითხოვს, რომ ჩვენ ეს შესაბამისი წესების დაცვით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განვიხილოთ.

როცა დავიწყებთ ამ საკითხის განხილვას, ყველას ექნება საკუთარი პოზიცია. თუ საუბარია იმაზე, რომ მათ არ სურთ ცივილურ, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა და გადიან ამ პროცესის მიღმა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი – აგრძელებენ საბოტაჟს და თუ აგრძელებენ, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება. ეს მათი არჩევანია. თუ ეს ადამიანები საუბრობენ შემდგომ ცივილურ მოლაპარაკებებზე და ა.შ. ამის მიხედვით უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.