ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის უმეტესობა უკვე შეფარულად თუ ღიად ამბობს, რომ მათთვის მიზანშეწონილია, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის უმეტესობა უკვე შეფარულად თუ ღიად ამბობს, რომ მათთვის მიზანშეწონილია, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება

ოპოზიციის უმეტესობა უკვე შეფარულად თუ ღიად ამბობს, რომ მათთვის მიზანშეწონილია, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა ჩამოყალიბდნენ, დემოკრატიის გზას ირჩევენ თუ საბოტაჟის.

ოხანაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია დემოკრატიის გზა, როდესაც გადაწყვიტა, რომ მათ არ გაუუქმოს მანდატები.

„ჩვენ ვირჩევთ გზას დემოკრატიისკენ. ქართველი ხალხის ნება არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება და არა – რადიკალიზაცია ან ამ რადიკალიზაციაში თანამონაწილეობა. ჩვენ რომ სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო, იმ საბოტაჟის თანამონაწილე ვიქნებოდით, რასაც ადგილი აქვს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ამას ემატება ისიც რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვთხოვენ, რომ ის გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რომელიც მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას უკავშირდება. ამიტომ თავად ჩამოყალიბდნენ და მოხდეს ლუსტრაცია, ვინ ირჩევს დემოკრატიის გზას და ვინ – საბოტაჟის. თავად უნდა გაერკვნენ ერთმანეთში. უმეტესობა უკვე შეფარულად თუ ღიად ამბობს, რომ მათთვის მიზანშეწონილია, არ მოხდეს უფლებამოსილების შეწყვეტა, რათა დარჩეს მშვიდობიანი მოლაპარაკების რესურსი და ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, როგორც ჩვენმა, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებმა. ოპოზიციურმა ჯგუფებიდან არაერთმა შემდგომი დიალოგის მზაობა გამოთქვა, ეს ხომ ფაქტია. ეს რაში გადაიზრდება, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.