ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ, მაგიდის აყირავება ევროპული პერსპექტივისთვის
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ, მაგიდის აყირავება ევროპული პერსპექტივისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით დაწყებულია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

მისივე თქმით, ამ შეხვედრებს ოპოზიციიდან ნაწილი ესწრება, რაც ხალხის ნების წინააღმდეგ საბოტაჟს წარმოადგენს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკური შოუში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„სამუშაო პროცესი დეტალურად არის გაწერილი, დაწყებულია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ამ ფორმატებში მონაწილეობას იღებს ოპოზიციის ნაწილი, მეორე ნაწილი შეხვედრებს არ ესწრება და ბოიკოტს, საბოტაჟს უცხადებს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტის ნებას ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით. როგორც კი საჭიროება იქნება, სამუშაო ფორმატიდან საკომიტეტო და შემდგომ პლენარული სხდომის ფორმატში გადავინაცვლებთ. კომიტეტებისა თუ პლენარული სხდომის მოწვევას ვერავინ დაგვასწრებს. კომიტეტების სხდომა ჩატარდა და შეგიძლიათ, ნახოთ, რომ მას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი არ დაესწრო. ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ. ოპოზიცია პროცესის გადაყვანას ასეთ რეჟიმში რომ ცდილობს, ეს არის მაგიდის აყირავება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესში იყოს ჩართული და ჩვენთან ერთად აკეთებდეს საქმეს, რაც საჭიროა ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და ხალხის არჩევანის პატივისცემისთვის, ამ დროს საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიცია პოლიტიკური შოუს ელემენტებსა და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობს, რაც საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს – დეპოლარიზაციაზე. ამიტომ ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა რომ მივიღოთ, ეს რეკომენდაციების პირველივე პუნქტის საწინააღმდეგოა და არ შეესაბამება დეპოლაროზაციის გეგმას. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, თუ შემოგვიერთდებიან კარი ღიაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.