ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის ინტერესი უკრაინის საკითხზე მსჯელობა თუ არის, 41 დეპუტატი პირველ რიგში, უმრავლესობას შეხვდებოდა, რომ სხდომა დახურულ ფორმატში გამართულიყო
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის ინტერესი უკრაინის საკითხზე მსჯელობა თუ არის, 41 დეპუტატი პირველ რიგში, უმრავლესობას შეხვდებოდა, რომ სხდომა დახურულ ფორმატში გამართულიყო

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ინტერესი უკრაინის საკითხზე მსჯელობაა, 41 დეპუტატი მალულად შეკრებისა და ხელმოწერების შეგროვების ნაცვლად, პირველ რიგში, უმრავლესობას შეხვდებოდა, რომ სხდომა დახურულ ფორმატში გამართულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმ აგანაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა სიფრთხილე და სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

„საჭიროა ერთიანობა, პრაგმატული სიფრთხილე და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით სტრატეგიულ პარტნიორებთან სრული კოორდინაციით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამის სანაცვლოდ ვინც ცდილობს სხვა დღის წესრიგი შემოგვთავაზოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების კეთილმოსურნე არ არის.

რეგლამენტის ვერც ერთ ჩანაწერს ვერ ნახავთ, რომ ვინმეს რაიმე ვალდებულობა ჰქონდა და არ შესრულდა. იმის რეალიზება მოხდა, რაც რეგლამენტში წერია, კარი გაიღებოდა თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ინტერესი უკრაინის საკითხზე მსჯელობაა, 41 დეპუტატი მალულად შეკრებისა და ხელმოწერების შეგროვების ნაცვლად, პირველ რიგში, უმრავლესობას შეხვდებოდა, რომ სხდომა დახურულ ფორმატში გამართულიყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და განმარტა მიზეზები, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.