ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციაში ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა ღირებულებები აერთიანებთ, წარსულის ჯგუფები არიან და მათ საქმიანობას არანაირი პერსპექტივა არ უკავშირდება
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციაში ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა ღირებულებები აერთიანებთ, წარსულის ჯგუფები არიან და მათ საქმიანობას არანაირი პერსპექტივა არ უკავშირდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

თუმცა, ოხანაშვილი ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„დეტალებთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, თუმცა გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ლოგიკურია, რომ ჩვენ ვართ მობილიზებული, რათა უზრუნველვყოთ დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის მომავალ საქმიანობას პერსპექტივა არ აქვს.

„ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა ღირებულებები აერთიანებთ მათ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას როგორ უყურებენ და მხოლოდ ამის შემდგომ შეეკითხეთ ის გეგმები, რომლებსაც ისინი სახავენ. ჯერ ელემენტარულად საზოგადოებას აუხსნან, ეს ჯგუფები რა ინტერესით არიან გაერთიანებული და ქვეყნის განვითარების რა პერსპექტივას სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას.

მე ვფიქრობ, რომ მათ ეს პერსპექტივა არ აქვთ და ვერ ექნებათ, რადგან ეს ჯგუფები არიან წარსულის ჯგუფები, არანაირი პერსპექტივა და მომავალი მათ რაიმე საქმიანობას არ უკავშირდება“,- განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ ყველა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია ექნებათ.