ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას შორის არის შეუთანხმებლობა, ამნისტიის კანონპროექტზე მათ ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას შორის არის შეუთანხმებლობა, ამნისტიის კანონპროექტზე მათ ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ

ოპოზიციური ჯგუფები ერთიან პოზიციაზე თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები ისეთ კატეგორიულ მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის პროექტის არსს არღვევს.

„ოპოზიციას შორის არის შეუთანხმებლობა, ამნისტიის კანონპროექტზე მათ ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ პოზიციები დღეს, არის ის, რომ თვითონ ოპოზიციის შიგნით არის გაურკვევლობა. უფრო კონკრეტულად, „ლელოს“ წარმომადგენლები ისეთ კატეგორიულ მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის პროექტის არსს არღვევს. მათ კატეგორიული კრიტერიუმები აქვთ დაყენებული და გაზიარება რომც გვინდოდეს, შარლ მიშელის სულისკვეთებას დაარღვევს. „ლელოს“ პოზიციაა, რომ მათ აღარ უნდა იკისრონ ის პოლიტიკური ტვირთი, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს. სამწუხაროდ, ისრების გაატანა დაზარალებულებზე სურთ, რაც სრულიად მიუღებელია. ეს შეთანხმების ნაწილი არ არის და ამ მოთხოვნის თანაზიარი ჩვენ ვერ ვიქნებით. სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ უფრო მეტი თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით. კახა კუჭავას შეთავაზებაზე „ქართული ოცნება“ გამოვთქვამთ მზაობას, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, საკითხზე ვიმსჯელოთ და პოზიციები დავაახლოოთ. ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმოვანა, ჩვენ ამაზე კონკრეტულად არ ვსაუბრობთ. გაჟღერდა რამდენიმე საკითხი და „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მათზე მსჯელობის გაგრძელების მზაობა. დაველოდოთ, რა პოზიცია ექნება ოპოზიციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრა ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან იმართება. შეხვედრას ესწრებიან „ლელოს“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები.