ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას, როგორც ჩანს, რაღაც ინტერესები აქვს, რომ მიშვებული იყოს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას, როგორც ჩანს, რაღაც ინტერესები აქვს, რომ მიშვებული იყოს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება

ოპოზიციას, როგორც ჩანს, რაღაც ინტერესები აქვს, რომ მიშვებული იყოს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივასა და ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, პლენარულ სხდომებს დაესწრონ და აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი აზრები სწორედ იქ დააფიქსირონ.

„ჩვენ გვახსოვს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების პოზიციები ე.წ რადიუსთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც ჩვენ ვამბობდით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო აღსრულება. ისინი საუბრობდნენ საკითხზე და მხარს უჭერდნენ საკითხს, რომლის პრაქტიკული აღსრულება შეუძლებელი იყო. როდის არიან ეს ადამიანები მართლები, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ. როდესაც მხარს უჭერენ ისეთ საკითხს, რომლის პრაქტიკული აღსრულება შეუძლებელია, თუ მაშინ არიან მართლები, როდესაც ნამდვილად ისეთი საკითხი შემოგვაქვს, რომელიც ყველა პარტიის ინტერესში უნდა იყოს, რომ არცერთი ადამიანის თავისუფალ ნებაზე მანიპულირება არ მოხდეს. ამის დარეგულირება გვინდა და ახლა ამას ეწინააღმდეგებიან. ეს მიანიშნებს იმას, რომ როგორც ჩანს, მათ აქვთ რაღაც ზრახვები, სურვილი, ინტერესები, რომ მიშვებული იყოს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება. სხვას არაფერს ნიშნავს მათი ეს განცხადება, თუ ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის სწორი ცვლილება. მექანიზმი, რომელიც შემოდის სისხლის სამართლის კოდექსში უფრო ადრეულ ეტაპზე ახდენს პრევენციას, რომ ადამიანმა არ მოახდინოს მანიპულირება. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ აქვთ მოსაზრებები, საქმიანი შემოთავაზებები, ვთავაზობთ, დაესწრონ  პლენარულ სხდომას და ჯანსაღად გავცვალოთ აზრები. თუ, შემოგვთავაზებენ უკეთეს მოდელს, სადაც ისინი გვეტყვიან, რომ აი, ამ ფორმით იქნება უფრო უკეთესი და დაიხვეწება ეს ნორმა, ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ოპოზიციაში კი, აღნიშნულ ინიციატივას გაუგებარს უწოდებენ და მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.