ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მიმართავს - რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე, რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ უმისამართოდ ესროდით მსჯავრდებულებს
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მიმართავს - რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე, რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ უმისამართოდ ესროდით მსჯავრდებულებს

თუ ასეთი მაგრები იყავით, რატომ გადაგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის პათოსი ყალბია.

„მადლობა კოლეგებო, რომ გაითვალისწინეთ რჩევა და ბოლომდე ესწრებით, ოპოზიციას მივმართავ, „ნაცკლასტერს“, რა თქმა უნდა. თქვენი გამოსვლები გამსჭვალული იყო – იმიტომ, რომ ისეთი მაგრები ვიყავით, ისეთ მაგარ სახელმწიფოს ვაშენებდით, ისე ვზრუნავდით ჩვენ მოქალაქეებზეო. თუ ასეთი მაგრები იყავით, ერთი შეკითხვა – რატომ გადაგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ, რატომ მოხდა, რატომ გამოგიტანათ განაჩენი და რატომ არის ეს განაჩენი კანონიერ ძალაში? თქვენი პათოსი, ყალბი პათოსი და ფარისევლობა ყველამ ვიხილეთ და საზოგადოება ამას თვალყურს ადევნებს. ნება მომეცით, ფაქტებზე დაყრდნობით გამხილოთ ამ პოლიტიკურ ფარისევლობაში შემდეგი ფაქტებით: თქვენი პათოსი გაჯერებული იყო, რომ ზრუნავდით ადამიანებზე და ბავშვებზე. შემთხვევით თქვენ ის ხელისუფლება ხომ არ იყავით, რომელმაც 2012 წლამდე 12 წელზე დაწიეთ სანქცია და ბავშვების შეყრას ითხოვდით ციხეებში. ეს ხალხი ხომ არ ხართ თქვენ? შემთხვევით ის ხალხი ხომ არ ხართ, 2008 წელს 381 თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანი რომ გყავდათ ციხეებში? 2009-ში გყავდათ 272 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული არასრულწლოვანი; 2010-ში – 296 თავისუფლება აღკვეთილი. გიგა ბოკერია შემოგვიერთდა, ნოსტალგია აწუხებს წინა წლების და დამეხმარება, კიდევ კარგად გავაგრძელოთ“, – განაცხადა გამოსვლისას ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ამ მხრივ დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფების პირობებში 2019 წელს 66-მდე თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანია.

„ეს არის ჩვენ შორის სხვაობა. იმედია, დამეთანხმებით, რომ სასჯელაღსრულებაში მყოფ პირებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. შეკითხვა – რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე, რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ უმისამართოდ ესროდით მსჯავდებულებს. სტრასბურგის ციტატაა – „უმისამართოდ ესროდით მსჯავრდებულებს“. რატომ მოხდა, ეს არის თქვენი ზრუნვა და პათოსი“? – მიმართა ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 6 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.

„იმედია დამეთანხმებით, რომ 6 მილიონი ლარი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა ჩვენი საზოგადოებისთვის 2012 წლამდე თქვენი ჩადენილი დანაშაულების გამო 6 მილიონი ლარის გადახდა. ეს როგორი ეკონომიკური გათვლებია თქვენი აზრით? ხომ არ გაქვთ სურვილი, ეს თანხა თქვენ გაიღოთ ჯიბიდან და დაზარალებულ ხალხს დაუბრუნოთ. მესმის, რომ წაგერთვათ საუბრის ხალისი. თუკი ვინმე არცხვენდა და არცხვენს ქართულ სახელმწიფოს, ეს იყავით თქვენ. თქვენ შეარცხვინეთ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე არაერთგზის“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ადამიანის უფლებები წარსულია, ხელისუფლებისთვის კი, ეს არის აწმყო. მან „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ცინიკოსები უწოდა.

„ადამიანის უფლებები ჩვენთვის ყოველთვის აწყმოა, თქვენთვის არის ეს წარსული, ან რა უფლებით გვეუბნებით, რომ არ გესაუბროთ წარსულზე. დღემდე იხილება სტრასბურგის სასამართლოში საქმეები. 2020 წლის 2 აპრილს გამოვიდა კუხალაშვილის და სხვების საქმეზე გადაწყვეტილება.

ნახეთ, როგორი ცინიკოსები ხართ. იმ ხალხზე გესაუბრებით, ვისაც სიცოცხლე წაართვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გესაუბრებით და ისეთი ცინიკოსები ხართ, რომ ამაზე ღლიცინებთ. ჩვენი საზოგადოებისთვის თქვენ რეალურად ხართ კრიმინალური წარსულის მქონე, დღემდე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი. საზოგადოებამ გამოგიტანათ განაჩენი და კიდევ არაერთგზის გამოგიტანთ განაჩენს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი