ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევის თავი არ აქვს, მუხტის აწევა გაუჭირდებათ, მუხტის აწევა თუ უნდოდათ, ზამთარშიც კარგად აწევდნენ
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევის თავი არ აქვს, მუხტის აწევა გაუჭირდებათ, მუხტის აწევა თუ უნდოდათ, ზამთარშიც კარგად აწევდნენ

კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას თუ ვინმე ეცდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ დასმულ კითხვას.

მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის არ შეიძლება ჰქონდეს ინდულგენცია, არის ის პოლიტიკაში თუ საჯარო სექტორში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება. თუ ვინმე ეცდება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციასა და კანონში წერია, რა პასუხი შეიძლება გაეცეს მას სამართლებრივად, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი საპროტესტო მუხტის გამოწვევას ვერც ზაფხულში შეძლებენ.

„ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არ აქვს, მით უფრო ზაფხულში, როცა უფრო ეთბილება. მუხტის აწევა გაუჭირდებათ. მუხტის აწევა თუ უნდოდათ, ზამთარშიც კარგად აწევდნენ, თუმცა არ გამოსდით და ვერც გამოვა, რადგან ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით გადაწყვიტა, ვისი ყოფნა სურს ხელისუფლებაში და ვისი – ოპოზიციაში. მათ ლიმიტი ამოეწურათ და ოპოზიციაში ყოფნის თავი არა აქვთ, რაც მათი პრობლემაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.