ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ მიიღო დაფინანსება, მათ არჩევნები ცნეს, რადგან გაურკვეველია, თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება არჩევნებით მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ მიიღო დაფინანსება, მათ არჩევნები ცნეს, რადგან გაურკვეველია, თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება არჩევნებით მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს, რადგან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პარტია, რომელიც გადალახავს შესაბამის ბარიერს, აქვს უფლება დაფინანსებაზე შეიტანოს განაცხადი.

„ეს არის დემოკრატიული სტანდარტია, რადგან ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კონკრეტულ პარტიას, ამ კონკრეტულმა პარტიამ უნდა იმოქმედოს დემოკრატიის სტანდარტის შესაბამისად. პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას, დაფინანსება მიიღოს და მისი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და პარტიის დაფინანსება, ხელფასი ყველაფერი ეს კონკრეტულმა პარტიამ პარლამენტში უნდა მოახმაროს საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ინტერესებია გატარებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ მათ დაფინანსება უნდა მიიღონ, ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიულობის თვალსაზრისით, შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მათი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად მოქმედება და პარლამენტში შესვლა.

„ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი პარტიებიც ასევე პატივს სცემენ იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს. ვიმედოვნებ პარტიულ დაფინანსებაზე განაცხადს ისინიც გააკეთებენ, რათა შემდგომ უკვე მეორე ნაბიჯი პარლამენტში შესვლისკენ გადადგან. ეს დემოკრატიულობის და პოლიტიკური მოცემულობის გამოხატულებაა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს. ვინაიდან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი, რომ ეს დაფინანსება მიიღო. ეს პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებს აღიარებენ. მეორე საკითხია ისინი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას როდის მიიღებენ. თუ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს კიდევ ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას ნიშნავს, უპატივცემულობას დემოკრატიული პრინციპების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის. გაურკვეველია, დაფინანსებას რატომ უნდა იღებდე, თუ არ გსურს შენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ინტერესების შესაბამისად იმოქმედო. აბა სად მიდის ეს დაფინანსება. კონკრეტული პოლიტიკური პარტია რისთვის იყენებს დაფინანსებას, თუ პარტიის მხარდამჭერების ინტერესების გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოში არ სურს. დაველოდოთ და ამის შემდეგ შევაფასოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.