ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია გაღიზიანებულია, რომ თეა წულუკიანმა სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა მაღალ დონეზე აწარმოა
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია გაღიზიანებულია, რომ თეა წულუკიანმა სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა მაღალ დონეზე აწარმოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გაღიზიანებულია იმით, რომ თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა მაღალ დონეზე აწარმოა.

ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციას მიმართა, რომ თუ თავი ჰქონდათ იმ ტონით, როგორც თეა წულუკიანს ესაუბრებიან, თავიანთ მინისტრებთან ესაუბრათ.

„თეა წულუკიანი დღეს თქვენ გახადეთ თემა და იტოვებთ უფლებას, რომ რაღაცა შტურმი მოაწყოთ. აქ ასეთი ტონით და ასეთი შემართებით გესაუბრათ თქვენი მინისტრებისთვის თუ ამის თავი გქონდათ. გარდა ამისა, მე თქვენ დაგეხმარებით გაგარკვიოთ, რატომ ხართ გაღიზიანებულები. ქალბატონმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში სამართლებრივი პროცედურა იმდენად კარგად აწარმოა, რომ ივანე მერაბიშვილი, რომელიც 26 მაისს ჩვენი საზოგადოების ღირსების აყრისთვის, ცემისთვის და სასტიკი ძალადობისთვის რის მსჯავრდებული, გინდოდათ, რომ მისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიგენიჭებინათ. ქალბატონმა თეამ აწარმოა ისეთი სამართლებრივი პროცედურები და იმდენად მაღალ დონეზე, რომ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. ახლა ხართ გაღიზიანებული, რომ ივანე მერაბიშვილს არ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, კაცს, რომელმაც 26 მაისს ქართულ საზოგადოებას გადაუარა. რაზე საუბრობთ, როგორ იტოვებთ იმის უფლებას, რომ გამოდიხართ და მინისტრობის კანდიდატებზე, თუ ჩვენს გუნდზე ასეთი იერიშით საუბრობთ. რაზეა საუბარი, ერთი, რომ იურიდიული ცოდნა არ გყოფნით, მეორე ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ეწევით. კეთილი ინებეთ, ან კოდექსში ჩაიხედეთ, ან საქმეში გაერკვიეთ წესიერად და ისე ისაუბრეთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში დღეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენჯერმე მიმართეს მამუკა ბატხაძეს, რომ “იმედია აქვთ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში თეა წულუკიანი აღარ იქნება”.