ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული დღის წესრიგი შეიქმნას, რათა ტელევიზიებში გამოჩნდეს და პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული დღის წესრიგი შეიქმნას, რათა ტელევიზიებში გამოჩნდეს და პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული დღის წესრიგი შეიქმნას, რათა ტელევიზიებში გამოჩნდეს და პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნაკლებად არის დაინტერესებული იმის გარკვევით, 20 ივნისის ღამეს ვინმემ დანაშაული მართლაც ხომ არ ჩაიდინა და თუ ჩაიდინა, ამაზე პასუხი აგოს.

„რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ვინმესთვის კითხვის ნიშანს იწვევს, ეს საკითხი სასამართლოში პროცესის განხილვის დროს დაისმევა. მოსამართლე ვალდებულია, გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს. პოლიტიკოსები იმ სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალთ, რაზეც წვდომა არ გვაქვს. არ ვიცი, საქმის მასალებში რა დევს. ჩვენი ხელისუფების პირობებში სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვიანობა ძალიან შემცირებულია, რაც ნიშნავს, რომ მხარეს საფუძველი არ აქვს საქმე გაასაჩივროს, ვინაიდან ისეთი დარღვევები არ არის, რაც მხარეს სტრასბურგში დავის საშუალებას მისცემდა. ის დრო დასრულდა, როცა ერთი პირის ჩვენებით ხდება ბრალის დაფუძნება და გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოწმე არ განსხვავდება, სამართალდამცავია თუ სხვა მოქალაქე. პოლიციელი მკვლელობას რომ შეეწროს, ჩვენება არ უნდა მისცეს? სამართალდამცველების ჩვენება იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენების მიცემა ვინმემ აიძულა. ლოგიკურია, რომ სამართალდამცველების ჩვენება იქნება, რადგან აქციაზე ისინი მოქმედებდნენ. შეიძლება, დამატებით სხვა მოქალაქის ჩვენებაც იყოს. კადრები ყველამ ვნახეთ, რაც ხდებოდა. ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რომ ჩვენებას მარტო პოლიციელები იძლევიან. თუ მარტო პოლიციელები იყვნენ და ჩვენებას იძლევიან, პრობლემას რაში ხედავთ? ოპოზიციისგან მოგისმენიათ ის, რა კარგად მუშაობს პოლიცია, იმ საქმეშიც კი, რასაც ხედავენ, რომ ხარვეზი არ არსებობს?!”, – დასძინა ოხანაშვილმა.