ანრი ოხანაშვილი - ოკუპანტი რჩება ოკუპანტად, მასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, სხვა ფორმატები არ განიხილება
ანრი ოხანაშვილი - ოკუპანტი რჩება ოკუპანტად, მასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, სხვა ფორმატები არ განიხილება

ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, ანრი ოხანაშვილის თქმით, აშშ, როგორც არასდროს, არის საქართველოს მჭიდრო პარტნიორი.

„ეს ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უპრეცედენტოა სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული მხარდამჭერი აქტით და დამტკიცებულ ბიუჯეტში საქართველოს მიმართ მხარდამჭერი გამოხატულებით. ნატო-სთან ჩვენი უპრეცენდენტოდ მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და მხარდამჭერი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც რუსეთი ნიგერიიდან რუსი მეზღვაურების გამოყვანის გამო საქართველოს მადლობას უხდის, ოხანაშვილის თქმით, ოკუპანტი რჩება ოკუპანტად და მასთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები არ განიხილება.

„რაც შეეხება ოკუპანტს, ოკუპანტი ოკუპანტად რჩება და შესაბამისად, ფორმატი არსებობს ის, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. სხვა ფორმატები არ განიხილება. ოკუპანტი რჩება ოკუპანტად და ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაქციები“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.