ანრი ოხანაშვილი - აშშ-ის ბიუჯეტის კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც გამორჩეული ქვეყანა, თუ დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა
ანრი ოხანაშვილი - აშშ-ის ბიუჯეტის კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც გამორჩეული ქვეყანა, თუ დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა

კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აფიქსირებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება, ობიექტურ მოცემულობას მოკლებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.  წერილშია აღნიშნულია, რომ შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.

როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, „ქართული ოცნებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ჩვენ ასეთი თანამშრომლობა გვაქვს, ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარია, კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებით მუშაობა. თუმცა, ერთი რამ ხაზგასასმელია – ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც აშშ მხარდაჭერას ახორციელებს, თუ საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, ისევე, როგორც ამერიკის ორპარტიულ დოკუმენტში, სადაც საქართველოზე განსაკუთრებულად არის აქცენტი გაკეთებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის. ვერ მოხდებოდა ამ ორპარტიული დოკუმენტის ინიცირება, თუ საქართველო არ ადგას დემოკრატიული განვითარების შემდგომ გზას და რეფორმებს არ ახორციელებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე კონგრესმენი შესაძლოა, არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას.

„შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი ან არ ფლობდეს საბოლოოდ ზუსტ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის ეს კონგრესმენები, ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის ამ ადამიანებს მივაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია. ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს მოსმენილი და ვისმენთ, სადაც, როგორც ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ასევე ევროპელი მეგობრები ძალიან მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მიმართ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ობიექტური მოცემულობაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ამ განცხადებებით ნუ შემოვიფარგლებით. ერთი ობიექტური მოცემულობა არის მთავარი – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს და ოფიციალური ვაშინგტონი, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში, ასევე ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზე საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მიდის სწორად, დემოკრატიული განვითარების გზით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონგრესს საქართველოს შესახებ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეს.

„ეს კონგრესმენებიც ადამიანები არიან. მათაც აქვთ განწყობები, სიმპატიები და დამოკიდებულება. ეს ხომ პოლიტიკაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა ობიქტური, ზუსტი მოცემულობა ჰქონდეთ მათ. ამას უზრუნველვყოფთ. გადაადგილებები იყო ჩვენთანაც, ადამიანები, რომლებიც მათთან მუშაობდნენ, უმრავლესობიდან გავიდნენ. დღეს ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები თანამშრომლობენ და აგრძელებენ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. რამდენიმე თვეში თქვენ კიდევ ნახავთ განცხადებებს. პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლოა, ზოგიერთი პარლამენტის წევრი იყოს კრიტიკული ან სუბიექტური“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.