ანრი ოხანაშვილი - ოდირის ექსპერტთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონი მრავალეტაპიანი და გამჭვირვალე პროცედურებით აღჭურვილია
ანრი ოხანაშვილი - ოდირის ექსპერტთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონი მრავალეტაპიანი და გამჭვირვალე პროცედურებით აღჭურვილია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტში, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ მმართველი გუნდის მომზადებულ კანონს და ამ დოკუმენტზე ეუთო-ს მიერ შემუშავებილ რეკომენდაციებს განიხილავენ.

„ეუთო-ს, ოდირის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით პროცედურებსა და კრიტერიუმებზე რეკომენდაციები იყო შემუშავებული ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. დღეს ამ რეკომენდაციების ავტორსა და ექსპერტს ვხვდებით. ვისმჯელებთ და პოზიციებს გავცვლით. საბოლოოდ ექსპერტს პოზიციას მოვაწვდი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი მრავალეტაპიანი და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურებით აღჭურვილია, რამაც ჩვენი საზოგადოების მხრიდან ამ პროცესისადმი მაქსიმალური მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი შეფასებით, პროექტი უპრეცედენტოა და მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს.