ანრი ოხანაშვილი - ნურავინ მისცემს თავს უფლებას, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩაერთოს და რაიმე ფორმით გაბედოს, ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში ისეთ საკითხებზე, რაც არასტაბილურობას უკავშირდება
ანრი ოხანაშვილი - ნურავინ მისცემს თავს უფლებას, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩაერთოს და რაიმე ფორმით გაბედოს, ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში ისეთ საკითხებზე, რაც არასტაბილურობას უკავშირდება

ნურავინ გაბედავს და თავს ნუ მისცემს უფლებას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩაერთოს და რაიმე ფორმით გაბედოს, ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში ისეთ საკითხებზე, რაც არასტაბილურობას უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ჩვენი გუნდი სხვადასხვა პირის მხრიდან კონკრეტულ პროვოკაციულ პოზიციონირებაზე საუბრობდა და ეს საკითხები ხშირად სერიოზულად არ აღიქმებოდა, გარკვეული ქილიკის საგანი ხდებოდა ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. არავის აქვს უფლება – საქართველო რა სტრატეგიას აირჩევს, ეს სტრატეგია განსაზღვრულია და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანად აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად. ნურავინ გაბედავს და თავს ნუ მისცემს უფლებას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩაერთოს და რაიმე ფორმით გაბედოს, ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში ისეთ საკითხებზე, რაც არასტაბილურობას უკავშირდება.

რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება ეჭვებს აჩენს იმ ვიზიტების გათვალისწინებით, რაც კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდათ. საკმაო ეჭვები ჩნდება, თუ რას უკავშირდებოდა უკრაინაში კონკრეტული ჯგუფების ვიზიტები და ამ ვიზიტის შედეგი იყო თუ არა ეს კონკრეტული განცხადება. ეს ადამიანი რა პოზიციაზე? როგორ წარმოგიდგენიათ, კონკრეტულ სახელმწიფოში, ადამიანი უშიშროების საბჭოს მდივანი იყოს და მან ასეთი შეცდომა დაუშვას? – ეს არ არის შეცდომა, სავარაუდოდ, ეს არ არის ერთი კონკრეტული პირის პოზიცია, ეს იქნება უმძიმესი, თუ ეს ასეა. სერიოზული ეჭვებია, რადგან როგორ შეიძლება, მეგობარს სახელმწიფოს უსურვო არასტაბილურობა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.