ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერი სვლა, რაც მიზნად ისახავს კანონისთვის გვერდის ავლას, დასრულდება ისევ კანონის უზენაესობით, ვერავინ შეძლებს კანონზე მაღლა თავისი პოლიტიკური ინტერესების დაყენებას
ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერი სვლა, რაც მიზნად ისახავს კანონისთვის გვერდის ავლას, დასრულდება ისევ კანონის უზენაესობით, ვერავინ შეძლებს კანონზე მაღლა თავისი პოლიტიკური ინტერესების დაყენებას

სიმბოლურია, რომ გერმანიაში ყოფნის დროს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს. გერმანიაა ერთ-ერთი მაგალითი, როგორ უნდა სცე პატივი სამართლებრივი სახელმწიფოს წესებს და როგორ უნდა სცეს კანონს ყველამ პატივი. ყველას ვალდებულებაა, რომ პატივი სცენ იმ საერთო წესრიგს, რომელიც არსებობს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ვერავინ შეძლებს კანონზე მაღლა თავისი პოლიტიკური ინტერესების დაყენებას.

„საერთო წესრიგის პატივისცემა ნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, მმართველი პარტიის თუ ნებისმიერი სხვა, ერთნაირად გვევალება ყველას, პატივი ვცეთ იმ კანონებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებს. ნებისმიერი ასეთი სვლა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური მანტიის მორგებას და კანონებისთვის გვერდის ავლას, ყოველთვის დასრულდება ისევ კანონის უზენაესობით. ამიტომ, რაც არ უნდა მცდელობა იყოს კანონების გვერდის ავლით საკითხის გადაჭრის, რაც არ უნდა პიარკამპანიის ნაწილი გახდეს, რაც არ უნდა პირები დაიქირაონ, თუ როგორ შეიძლება კანონისთვის გვერდის ავლა, მთლიანობაში და საბოლოოდ, კანონის უზენაესობა გარდაუვალია. ვერავინ შეძლებს კანონზე მაღლა თავისი პოლიტიკური ინტერესების დაყენებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს განაცხადა: „მივიღე ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა.