ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას
ანრი ოხანაშვილი - ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას

ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება თავისუფალი გადაადგილების, ეს არის ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობას მკაცრი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

„შესაძლო შეზღუდვები დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე. თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება არ შეიზღუდოს. ეს უფლება შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუ უფრო მაღალი ინტერესებია საფრთხის წინაშე. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ეს უფლება შეიზღუდოს. ვისთვის ღირსების მარში, ვისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. ყოველთვის მხარს ვუჭერ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა ნიშნით გამოხატავს აზრის თავისუფლებას. თუ სასწორზე დადგება საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესი, რა შემთხვევაშიც კონსტიტუცია ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პირის უფლება შეიძლება შეიზღუდოს. ეს მოხდება, თუ ამის საჭიროება იქნება. ამას კონსტიტუცია გვავალდებულებს. რა თქმა უნდა, იქნება ძალადობა, ამას ექნება მკაცრი რეაგირება. ვინმე თუ გაბედავს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეფერხებას, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას, არავის აქვს უფლება ვინმეს მიმართ იძალადოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული ჩატარდება.