ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ, უმძიმეს დანაშაულში მხილებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ, უმძიმეს დანაშაულში მხილებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც კრიმინალური ოპოზიციისა და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ და უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში მხილებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

„ამ კლასტერს არც უკვირს და არც იცხადებენ, როცა სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ, კრიმინალურ ოპოზიციად. არ უკვირთ, რადგან მათ აქვთ ჩადენილი ის უმძიმესი დანაშაულები, რაზეც ფაქტები არსებობს.

ფაქტია, რომ თავის დროზე, ამ კრიმინალურმა ოპოზიციამ „რუსთავი 2“ წაართვა თავის კანონიერ მესაკუთრეს, რაც შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა. სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გაასამართლა სრულიად ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავედ ცნო ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ ციხის ბუნტის საქმეზე დამნაშავედ ცნო მაშინდელი ხელისუფლება. ვინმე ჭაკუას ექსტრადირება მოხდა გერმანიიდან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განმარტებით, ისრაელის პროკურატურამ კეზერაშვილთან დაკავშირებული პირების შესახებ გამოძიება დაიწყო და საქმე უმძიმეს ბრალდებას ეხება.

„საუბარია 11 მილიონ დოლარზე. როცა საქართველო ომში იყო ჩართული, სააკაშვილი, ვინმე კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული კლასტერი შესაძლოა, ჩადიოდნენ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის გადასახადების გადამხდელი პირების მიერ გადახდილი თანხების საქართველოდან გატანა, მიმალვა და შემდეგ შესაძლოა, მოპარვა.

კრიმინალურ ოპოზიციას ამას ედავებიან არა მხოლოდ ქართულ სასამართლოსა და სტრაბურგში, არამედ ახლა ისრაელის პროკურატურაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს შემდეგი გაგრძელება ჰქონდეს და გამოიკვეთოს ტრანსნაციონალური დანაშაული, ასევე იკვეთებოდეს სხვა პირების მონაწილეობა, რადგან ასეთი სქემები ერთი-ორი პირის მიერ არ ხორციელდება, ჩართული არის ხოლმე ორგანიზებული ჯგუფები.

არ არის გამორიცხული, იქნება სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ მათი კლასტერი, შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი. თუ ბრალდება დადასტურდება, არ არის გამორცხული, კიდევ უფრო მეტ პირზე გავიდნენ და ამ დანაშაულმა ფართო მასშტაბი შეიძინოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.

გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.

ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.

დატოვე კომენტარი