ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ როგორ შეიძლება, გეშინოდეს, დიდი წარმოდგენა აქვთ თავზე, დარბაზში გამოჩნდება, ვის ვისი ეშინია
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ როგორ შეიძლება, გეშინოდეს, დიდი წარმოდგენა აქვთ თავზე, დარბაზში გამოჩნდება, ვის ვისი ეშინია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გუშინ პარლამენტის პლენარული სესია არათუ გადაიდო, არამედ ამოიწურა.

ოხანაშვილის განმარტებით, 12:00 საათიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, მათ შორის გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები და ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი იყო კონკრეტული კანონპროექტი.

„შეიძლება, სესია გადაიდოს, მაგრამ ეს სესია კი არ გადადებულა, არამედ ამოიწურა, 12:00 საათიდან მოყოლებული ინტენსიურად ვიმუშავეთ, იყო იქ პოლიტიკური განცხადებები, ოპოზიციის მხრიდან გამოტანილი კონკრეტული კანონპროექტი, ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ ჩვენ იმ საკითხების განხილვას, არაფერი არ დაზიანებულა. „ნაციონალურ მოძარობას“ რომ მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ყოფილიყო დარბაზში, და თუ აქვთ არგუმენტები, ეთქვათ, ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა ოპონირების რეჟიმში ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ შიშის გამო, მმართველმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დარბაზში შესვლიდან მალევე დაასრულა სხდომა, ოხანაშვილის თქმით, მათ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ როგორ შეიძლება, გეშინოდეს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. სხდომათა დარბაზში გამოჩნდება, ვის ვისი ეშინია და რა მოხდება, ასე რომ, საინტერესო სცენარები გელით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.