ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აქციის დაანონსება არის კიდევ ერთხელ მათი სახის წარმოჩენა, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, ღირსეულად შეეგუონ დამარცხებას
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აქციის დაანონსება არის კიდევ ერთხელ მათი სახის წარმოჩენა, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, ღირსეულად შეეგუონ დამარცხებას

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თურმე თვითმმართველობის არჩევნებში გარკვეულ გამარჯვებას მიაღწია და მათ გამარჯვება იზეიმეს, მაგრამ გამარჯვებულები საპროტესტო აქციებს არ მართავენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არიან სასოწარკვეთილებაში და დამარცხებულები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარტიის მხრიდან აქციის დაანონსება არის კიდევ ერთხელ მათი სახის წარმოჩენა, რომ ამ ადამიანებს არ სურთ ღირსეულად შეეგუონ დამარცხებას, გამარჯვებულ პარტიას წარმატება მიულოცონ და მეორე ტურებისთვის მოემზადონ.

„ამ ადამიანებისთვის არჩევნები არაფერს ნიშნავს, ისინი არჩევნებისთვის ბოლო წლებში არასოდეს არ ემზადებოდნენ. ღიად აფიქსირებდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა არჩევნების დღე, არამედ მეორე დღე. „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალიზაციას არ ეშვება, თუმცა მათ პასუხი მკაცრად გასცათ „ქართული ოცნების“ მერვეჯერ გამარჯვებით”, – განაცხადა ოხანაშვილმა.