ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არიან რადიკალიზაციის მხარეს, რადგან არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში, კარი ყველასთვის ღიაა და პროცესში მონაწილეობა მიიღონ
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არიან რადიკალიზაციის მხარეს, რადგან არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში, კარი ყველასთვის ღიაა და პროცესში მონაწილეობა მიიღონ

ჩვენ, ყველა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურად უნდა ვაკეთებდეთ იმ საქმეს, რომელიც ამ პოლარიზაციას შეასუსტებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მზად არიან, ითანამშრომლონ ოპოზიციასთან, რათა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტი შესრულდეს.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს არ არის, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ სამუშაო ჯგუფებში, რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს არიან.

„როგორ შეიძლება, ვინც საღად აზროვნებს და ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები მნიშვნელოვანია, ვინმე ეწინააღმდეგებოდეს იმ იდეას, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლარიზებული გარემო და ნაკლები რადიკალიზაცია არსებობდეს და არ იყოს რადიკალიზაცია. იდეა კარგია, ჩვენ, ყველა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურად უნდა ვაკეთებდეთ იმ საქმეს, რომელიც ამ პოლარიზაციას შეასუსტებს. შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ვართ. ამიტომ ვთხოვდით ჩვენს ოპონენტებს, რომ 12-პუნქტიანი გეგმა და ამ გეგმაზე მუშაობა იქნებოდა ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება ამ პოლარიზაციისთვის და პოლარიზაციას შეასუსტებდა. ეს სამუშაო პროცესი თუნდაც კრიტიკულ პროცესში უნდა გადაგვეზარდა, სადაც შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს არ დავთანხმებოდით, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო საქმიანი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული პროცესი. კარი ყველასთვის ღიაა, მოვიდნენ და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ არ ვართ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ სამუშაო ჯგუფებში ნათელი მაგალითია, რომ ისინი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის მხარეს არიან. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ სამუშაო ჯგუფებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე: „ მმართველი გუნდი პრეზიდენტს მედიატორად რამდენად ხედავს“, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, პრეზიდენტი რამდენად იქნება ნეიტრალური და რამდენად შეძლებს პროცესის მართვას.

„არ ვიცი, რამდენად იქნება პოლიტიკურად ობიექტური, ნეიტრალური და რამდენად შეძლებს ამ პროცესის მართვას. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო დროს ვიხილეთ განცხადებები და ვიხილეთ ე.წ. მოტივირებული შენიშვნები, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა არც ევროპულ სტანდარტთან და არც ევროპულ მიდგომასთან. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენ არავისზე დამოკიდებული არ ვართ. განგვისაზღვრეს, რომ იმუშავეთ 12-პუნქტიან გეგმაზე. გაკეთდა მოწოდება, რომ ყველას პასუხისმგებლობაა ამაზე მუშაობა და ჩვენ ამას ვასრულებთ. საქმე როდესაც ეხება სახელმწიფოებრივ საკითხებს, ჩვენ მზად ვართ, რადიკალურ ჯგუფებთან ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ. ახლაც მათთვის კარი ღიაა და ისინი არ შემოდიან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.